საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
[აქ მოყვანილია მხოლოდ ის მუხლები, რომლებიც ამ დოსიეს ეხება]
მუხლი 7. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
2. დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
მუხლი 8. მიზეზობრივი კავშირი
1. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის.
2. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
3. უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.
მუხლი 12. დანაშაულის კატეგორიები
1. ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი კატეგორიისაა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული;
ბ) მძიმე დანაშაული;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
2. ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.
3. მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.
4. განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
მუხლი 13. დენადი დანაშაული
1. დენადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება.
2. დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.
მუხლი 15. არაერთგზისი დანაშაული
1. არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი
დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის
შესაბამის მუხლში.
2. დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი
დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ
ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი № 5196 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.283
მუხლი 16. დანაშაულთა ერთობლიობა
1. დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი
ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. დანაშაულთა ერთობლიობად
ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის
ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს.
2. თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური ნორმებით, დანაშაულთა ერთობლიობა არ არსებობს და
პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით.
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
მუხლი 25. ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა
1. ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.
2. თანაამსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მიუთითებლად.
3. ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.
4. როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.
5. პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.
6. ისეთ დანაშაულში თანამონაწილეობისათვის, რომლის ამსრულებელი შეიძლება იყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის სპეციალური სუბიექტი, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ორგანიზატორს, წამქეზებელს ან დამხმარეს.
7. თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშაულის მომზადებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად.
მუხლი 27. ჯგუფური დანაშაული
1. დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად
ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
2. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში
მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
3. დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ
პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ
შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ
ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
4. ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა ორგანიზებული ჯგუფის შექმნისათვის ან ხელმძღვანელობისათვის დაეკისრება იმას, ვინც
შექმნა ასეთი ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. მასვე დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი
ყველა დანაშაულისათვის, თუ მათ მოიცავდა მისი განზრახვა. ორგანიზებული ჯგუფის სხვა მონაწილე პასუხს
აგებს ჯგუფის მონაწილეობისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ
დანაშაულისათვის, რომლის მომზადებაშიც ან ჩადენაშიც იგი მონაწილეობდა.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი,
რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის
აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი
ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
მუხლი 71. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო
1. პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა:
ა) ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას;
ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
გ) ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
გ1) თხუთმეტი წელი ამ კოდექსის 332-ე–3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;
გ2) ოცი წელი ამ კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;
დ) ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.
2. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება თითოეული დანაშაულისათვის.
3. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.
4. საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
5. ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
51. ხანდაზმულობა არ გამოიყენება ამ კოდექსის 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე არასრულწლოვანის მიმართ ამავე კოდექსის 137-ე−141-ე და 253-ე−2552
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ხანდაზმულობა არ გამოიყენება ასევე ამავე
კოდექსით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომლისთვისაც სასჯელის სახით უვადო
თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული და რომლის ჩადენას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა.
6. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა დროშიც პირს იცავს იმუნიტეტი.
7. გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხანდაზმულობის ვადის დინება ასევე ჩერდება იმ დროის განმავლობაში, როდესაც შეუძლებელია საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
8. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების საქართველოში შემდგომი სამართალწარმოების მიზნით გადმოგზავნისას საქართველოში პროცესის მწარმოებელი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მხედველობაში უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლებს, თუ ისინი ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების ანალოგიურია.
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №59 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4224 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5750 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3887 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
მუხლი 1071. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი
1. იურიდიულ პირზე ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. ამ კოდექსის მიზნებისათვის, იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (მის უფლებამონაცვლეს).
2. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული იმ დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, პასუხისმგებელი პირის მიერ.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირი არის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი.
4. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც დანაშაული ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, დადგენილია თუ არა დანაშაულის ჩამდენი ფიზიკური პირი.
41. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირის მიერ ზედამხედველობისა და კონტროლის არაჯეროვნად განხორციელების გამო შესაძლებელი გახდა იურიდიული პირის დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის მიერ დანაშაულის ჩადენა იურიდიული პირის სასარგებლოდ.
5. პასუხისმგებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ წარმოადგენს იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.
6. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს იმავე დანაშაულისათვის ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს დანაშაულის შედეგად მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, ასევე მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის სხვა ზომების გამოყენებისაგან.
8. ფიზიკური პირის ქმედების მიმართ ბრალის ან მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების დადგენის შემთხვევაში იურიდიული პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №296 - სსმ I, №22, 09.10.2008 წ., მუხ.153
მუხლი 142. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა
1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის,
დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის,
სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური
ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის
უფლება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2393 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №431 – ვებგვერდი, 04.04.2025წ.
მუხლი 150. იძულება
1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან
ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან
თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი
თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №763 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.
მუხლი 151. მუქარა
1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა,
როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე
ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ, –
დ) ოჯახის წევრის მიმართ, −
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას
საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №763 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5027 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
მუხლი 177. ქურდობა
1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ბინაში უკანონო შეღწევით;
დ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის;
დ) მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
შენიშვნა:
1. კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
2. ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული მუხლებითა და ამ კოდექსის 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე და 2861 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
3. კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №460 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება
1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით;
ბ) არაერთგზის;
გ) ჯგუფურად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3446 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
მუხლი 284. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა
1. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა:
1. კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მოწყობილობა/მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მოწყობილობათა/მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, მობილური ტელეფონი).
2. კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.
3. უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.
4. ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება 2000 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი, გარდა ამ კოდექსის 2861 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
6. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი არის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5940 – სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.47
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №460 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
მუხლი 286. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა
1. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, აგრეთვე კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა ან გადაცემა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №460 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
მუხლი 341. სამსახურებრივი სიყალბე
სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ოფიციალურ
დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა,
აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის
გაყალბება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
მუხლი 360. თვითნებობა
1. თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
მუხლი 362. ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება
1. ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის
დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
11. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ
მხარდამჭერთა სიებში შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემების/ინფორმაციის, საკუთარი, აგრეთვე
მხარდამჭერი პირის ხელმოწერის გაყალბება −
ისჯება ჯარიმით.
2. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა:
1. ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, თუ აღნიშნული ქმედება მან ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის
მოპოვებამდე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის,
შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ
იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის
პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე
გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან
დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის
სხვა დანაშაულის ნიშნები.
4. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ
უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83
საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2046 - სსმ I, №48, 29.11.2005 წ., მუხ.322
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3309 - სსმ I, №25, 13.07.2006 წ., მუხ.196
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3446 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.274
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4060 - ვებგვერდი, 29.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6726 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4137 - ვებგვერდი, 02.05.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №876 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.